
სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა სეიმის ოფისებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საულიუს სკვერნელისისა და კაზის სტარკევიჩიუსის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკები ჩაატარა.
როგორც ცნობილი გახდა, სეიმში კონსერვატორი დეპუტატის, კაზის სტარკევიჩიუსისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული კავშირი „ლიეტუვისთვის“ ლიდერის, საულიუს სკვერნელისის კაბინეტებში ჩხრეკა მასშტაბური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
კონსერვატორების ლიდერის ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე სტარკევიჩიუსის პარტიის წევრობა დროებით შეჩერდება.
თავის მხრივ, სკვერნელისმა აღნიშნა, რომ გაუთქმელობის ვალდებულება აიღო და კომენტარს მხოლოდ შეზღუდულად აკეთებს. მისი თქმით, „კრიმინალური არაფერი ჩაუდენია“.
„ზუსტად არ ვიტყვი, რომ ეს რაიმე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება. სამსახურები თავიანთ საქმეს აკეთებენ და ამას პატივს ვცემ. სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლებრივი მექანიზმებით უნდა დავიცვათ თავი“, – განაცხადა სკვერნელისმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატის იმუნიტეტს „არ ამოეფარება“, თუ მისი სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნის საკითხი დადგება.
„ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ ნამდვილად არ დავიმალები რაიმე დამცავი სტატუსების უკან. იმედი მაქვს, დაისმება კითხვები, რომლებზე პასუხებსაც გავცემ და ამით ეს ისტორია დასრულდება“, – განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.
ცნობისთვის, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკვე დაახლოებით ასამდე ჩხრეკა ჩატარდა, ეხება ფიტოსანიტარულ სერტიფიკატებთან დაკავშირებულ სისტემური კორუფციის ეჭვებს. საქმის ფარგლებში ოთხი დაბალი რანგის ოფიციალურ პირს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, ხოლო კერძო კომპანიის შვიდ წარმომადგენელსა და მათთან დაკავშირებულ პირებს გავლენით ვაჭრობას ედავებიან.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, სკვერნელისი მეორე ადგილზეა იმ პოლიტიკოსთა რეიტინგში, ვისაც ლიეტუველები პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე მეტად ისურვებდნენ. გამოკითხვის მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი რუგინენე მეხუთე ადგილზეა.
0
0