როგორც The New York Times-ი წერს, "კორეული სცენარის" მიხედვით, რუსეთი და უკრაინა შესაძლოა გრძელვადიან ზავზე შეთანხმდნენ. საომარი მოქმედებების შეჩერება და მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა სულ რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.
“ბაიდენის ადმინისტრაციაში მზარდი აზრი ჩნდება, რომ მომდევნო რამდენიმე თვე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან ორივე მხარე საბოლოოდ შეიძლება დაზავების ეტაპზე გადავიდეს ისე, როგორც 1953 წელს, კორეაში აქტიური საომარი მოქმედებები დასრულდა.
ვაშინგტონის ოფიციალური პირების განცხადებით, ხარკოვთან ახლოს რუსული ჯარების გაზრდილი აქტივობის შემდეგ, ფრონტის ხაზზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები თავიანთ ინტერვიუებში გამოთქვამენ აზრს, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის მრავალჯერ წინსვლა შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს, როგორც კი უკრაინა ახალ იარაღს სრულად მიიღებს - სავარაუდოდ, ივლისში. თუმცა, ოფიციალური პირები, რამდენიმე თვის ფარგლებშიც კი, ვერ პროგნოზირებენ, სად გაიმართება ბრძოლები და შეძლებენ თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის დაწყებას მომავალ წელს,“- ნათქვამია სტატიაში.
ასევე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "იარაღის მიწოდების ხანგრძლივად შეყოვნება ძვირი დაუჯდა" უკრაინას. ამერიკული დაფინანსების შეფერხების გამო, რუსეთმა უკრაინაზე უზარმაზარი საარტილერიო უპირატესობის მიღწევა შეძლო.
როგორც The New York Times-ი წერს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაკავების მთავარი მიზანი ფრონტის ხაზის სხვა სექტორებზე უკრაინის თავდაცვის შესუსტებაა. მათი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ხარკოვის დასაცავად ჯარების გადაყვანას დაიწყებს. მეორე მხრივ, აშშ-ის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსნის ვარაუდით, კიევის რეჟიმისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რთული სიტუაციიდან გადარჩენის საშუალებას მისცემს. უფრო მეტიც, ისინი იმედოვნებენ, რომ კიევი მცირე ხნის წინ დაკარგული დასახლებების რამდენიმე ნაწილის დაბრუნებასაც კი შეძლებს.
როგორც ცნობილია, „კორეული სცენარი” ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომის (1950- 1953 წ.წ.) შედეგად წარმოიშვა, როდესაც საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეას. თავის მხრივ, სამხრეთ კორეას შეერთებული შტატები დაეხმარა. 1953 წლის ივლისში, ორ ქვეყანას შორის ომი ზავით დასრულდა, რამაც დემილიტარიზებული ზონის შექმნა განაპირობა. თუმცა, ფორმალურად, ორი ქვეყანა ჯერ კიდევ ომშია, რადგან, მომდევნო წლებში, მათ შორის ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
0
0