09/06/2023
19:07
მსოფლიო
სეულში, პრეზიდენტის ოფისის წინ, ძაღლის ხორცით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვის შესახებ პირველი ლედის და ცხოველთა უფლებების ჯგუფების შეთავაზებას აპროტესტებდნენ და მთავრობას მათი საარსებო წყაროს და საკვების არჩევის თავისუფლების დაცვისკენ მოუწუდებდნენ
„10 მილიონზე მეტი კორეელი კვლავ მოიხმარს ძაღლის ხორცს და სწორედ ამიტომ ჩვენ - მეძაღლეები - ყოველწლიურად ვაწარმოებთ და ვაწვდით 70 000 ტონაზე მეტ ძაღლის ხორცს. დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია შეზღუდვა ადამიანების უფლებისა - აირჩიონ, რას ჭამენ“, - აცხადებენ კორეის სხვადასხვა კუთხიდან პრეზიდენტის ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი საკვები ძაღლების ასოციაციის წევრები.
ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვის შესახებ კამპანიის ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პირველმა ლედიმ აპრილში შინაური ცხოველების უფლებების დაცვის ათეულ წარმომადგენელთან არაფორმალური ლანჩი გამართა და პირობა დადო, რომ ძაღლის ხორცის ჭამა იუნ სოკ იოლის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში (2027 წლისთვის) აიკრძალება.
პრეზიდენტი და პირველი ლედი ცნობილები არიან როგორც ცხოველების მოყვარულები. მათ ექვსი ძაღლი და ხუთი კატა ჰყავთ. ისინი ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე უფრო მკაცრი ჯარიმების და ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვას მოითხოვენ.
კორეაში 1150 ძაღლის ფერმაში 520 000-ზე მეტ ძაღლს ზრდიან მოხმარებისთვის. ეს მაჩვენებელი 35%-ით ჩამორჩება ხუთი წლის წინანდელს.
კვლევების თანახმად, ბოლო წლებში ასევე მკვეთრად შემცირდა ძაღლის ხორცის მოხმარება და კორეელების მხოლოდ 22-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მოიხმარს ან მოიხმარდა. გამოკითხულთა 13-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებს ძაღლის ხორცის მოხმარებას.
0
0