
„ევრობარომეტრის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის 46%-ია, ხოლო წინააღმდეგია 43%.
აღნიშნული კვლევა დღეს კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამოქვეყნდა. ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი.
კვლევაში მოცემულია ევროკავშირის თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც. მაგალითისთვის, ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბელგიაში დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 44%-მა, ხოლო უარყოფითი 50%-მა.
ჩეხეთში ამავე შეკითხვაზე საპასუხოდ გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, ხოლო 29% მომხრე.
ესტონეთში გამოკითხულთა 57% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 34% წინააღმდეგია.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შვედეთში 71%, დანიაში 61%, ლიეტუვაში 62%, ლატვიაში 62%, კვიპროსი 58%, სლოვაკეთი 57%, უნგრეთში 57%, ესპანეთში 56%, საბერძნეთში 54%, ნიდერლანდებში 52%, პორტუგალიაში 51%.
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ჭარბობენ ის რესპონდენტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან.
კერძოდ, გერმანიაში ამის წინააღმდეგია 53%, ხოლო მომხრეა 37%, საფრანგეთში წინააღმდეგია 48%, ხოლო მომხრე 36%. იტალიაში წინააღმდეგია 49%, ხოლო მომხრე 45%, ავსტრიაში წინააღმდეგია 64%, ხოლო მომხრე 29%.
ამასთან, ზოგადად ევროკავშირის გაფართოებას კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეთა 56% უჭერს მხარს.
„ევრობარომეტრის“ კვლევები ჩატარდა პირისპირ ინტერვიუების გზით 2025 წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს 26 300-ზე მეტმა მოქალაქემ. გარდა ამისა, კვლევები ჩატარდა ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, საქართველოში, მოლდოვაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთსა და უკრაინაში. თითოეული პარტნიორისგან 1 000 ადამიანისგან შემდგარი ნიმუში შეირჩა ორეტაპიანი სტრატიფიცირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით; ხოლო პირისპირ ინტერვიუები (CAPI მეთოდი) ჩატარდა 2025 წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში.
1
0