
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ისაუბრეს კონკრეტულ მიმართულებებზე, სადაც ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს.
ხოშტარიას თქმით, კოორდინაციის გაღრმავება ყველა პოლიტიკური აქტორის ვალდებულებაა.
„კოორდინაციის გაღრმავება არის არა უბრალოდ სასარგებლო, არამედ ჩვენი ვალდებულება, ყველა პოლიტიკური აქტორის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ბევრად უფრო კოორდინირებული პროდუქტი, მოქმედება, რადგან ბევრი მოთამაშეა. არის პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, არიან პარტიები და ასე შემდეგ. ეს წინადადება მისასალმებელია, ამიტომ ვართ აქ.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის სინდისის პატიმრები და პოლიტიკური დევნა, ზოგადად. პრეზიდენტმა ასევე თქვა და მეც ვუერთდები, რომ სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ყველა პოლიტიკურ დევნილს; მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გუშინდელი აქცია შედგა. უამრავი ადამიანი გამოვიდა, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახეთ, რომ საქართველოში არ წყდება ბრძოლა და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე;
მესამე ეს არის საგარეო ფრონტი, სადაც ასევე გვმართებს კოორდინირებული, მოწესრიგებული მუშაობა. დღეს პრეზიდენტის მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამის შინაარსზეც ვისაუბრეთ და პოლიტიკური აქტორები რაც უფრო მოწესრიგებულად გავაგრძელებთ მუშაობას, მეტად წაადგება საქმეს. დანარჩენი – ახალია, ცუდია, კარგია, შედეგიანია, განსაჯოს ხალხმა. ჩვენი საქმე არ არის ჩვენი საქმის ქება. ჩვენი საქმეა, საქმე ვაკეთოთ და შემდეგ შეაფასოს ხალხმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0
0