09/06/2023
15:39
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის წარმატების მთავარი ფორმულაა ისეთი ამომრჩევლის ხმების მოპოვება, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, ვის უჭერენ მხარს.
მისივე თქმით, მეორე პოლიტიკური ცენტრი თუ შეიქმნება, მის გარშემო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა იყოს.
„ვერ გავიგე, რატომ გააბრაზა ჩემმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობა“. წარმატების მთავარი ფორმულაა, ვინ წამოიყვანს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. ასეთია 61 პროცენტი და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს რწმენა პოლიტიკურ პარტიებში. ზოგადად, პოლიტიკური კლასის რწმენა არის ძალიან დაცემული, რაც ასევე პრობლემური საკითხია. პირადად მე, არ მქონია კონსულტაცია, თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა ვესაუბროთ. ჩემი წარმოდგენით, შეიძლება, შეიქმნას ერთი ცენტრი, მეორე პოლიტიკური ცენტრი, რაც გულისხმობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წამოვიდეს ამ პოლიტიკური ცენტრების გარშემო. ვერ გეტყვით, ეს როგორი იქნება, ვინ როგორ დაჯგუფდება, მაგრამ ზოგადად, გაერთიანებას წინ უძღვის ძალიან სერიოზული მუშაობა და კონსულტაცია, რაც თავის მხრივ, ოპოზიციას მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მზად ვარ, ვესაუბრო ყველას, იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ პროპაგანდის დამარცხება აინტერესებთ. შემიძლია, ვითანამშრომლო ყველასთან, ვინც პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს წარმოადგენს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ერთობისთვის და ამას სერიოზული სამუშაოები უნდა უძღოდეს წინ.
„რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, მე წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ჩემი მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი. ჩვენ თუ გვინდა კოორდინაცია, ერთობა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, ამას წინ უნდა უძღოდეს ძალიან სერიოზული სამუშაოები. კონტრპროდუქტიულია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელსაც შემდეგ მოჰყვება დაპირისპირება, დაყოფა, კინკლაობა, ლანძღვა, გინება “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024