
„კონსტიტუციის ხელყოფა, დარღვევა არავის ეპატიება, მით უმეტეს, პრეზიდენტს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.
„კონსტიტუციის ხელყოფა, დარღვევა არავის ეპატიება, მით უმეტეს, პრეზიდენტს, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს. ჩვენი სადეპუტატო წარმომადგენლობა სასამართლოში მყარად არის შეიარაღებული არგუმენტებით. მგონია, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრეზიდენტს ეტყვიან, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და ამის შემდეგ შესაბამისი პროცესი პარლამენტში გაგრძელდება“, - აცხადებს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.
0
0