
კონკრეტული პარტიების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისვლა ვერ მოუტანს დამატებით ხმებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც ამ პარტიებს - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება იქნება წარმატების და გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
რაც შეეხება თავის გეგმებს, როგორც დეკანოიძე აცხადებს, 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია და არ გამორიცხავს, რომ იქნება რომელიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე, თუმცა, კონფიგურაცია მოგვიანებით გამოჩნდება.
„მე იგივე პოზიცია მქონდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვიყავი,რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატების ფორმულა ოპოზიციისთვის იქნება იმ 61 პროცენტის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება, დარწმუნება და ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი ხმების დაფიქსირება, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პარტიას მისცემს ხმას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავის ძალიან მყარი ამომრჩეველი, რომლის ძირითადი მოტივაცია არის მიხეილ სააკაშვილი და ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ. სწორედ ამიტომ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების ამ რაოდენობას, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან" მისვლა კონკრეტული პარტიების, ვერ მოუტანს დამატებით ხმებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც იმ კონკრეტულ პარტიებს, ეს ხმებს კიდევ უფრო დააკლებს. ამიტომ ნებისმიერი ცენტრი, პარტია რომელიც მოახერხებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, 60 პროცენტის ხმების წამოღებას, ეს იქნება ნამდვილად წარმატების და გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის”, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ის თანამშრომლობს ოპოზიციონერ კოლეგებთან, თუმცა, არ ჰქონია რაიმე პოლიტიკური კონსულტაციები რომელიმე პარტიასთან.
„მე მზად ვარ ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვინც არის რუსიფიკაციის წინააღმდეგ, მაგრამ პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან მქონია. მე ამ ბრძოლაში აუცილებლად ვიქნები და არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში ძალიან ბევრი შრომა მაქვს ჩადებული ევროინტეგრაციის კუთხით. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ ფაზაში პოლიტიკურად, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების მონაწილეობა და თავგანწირვა არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პარტიის კონტურებს, გამოიკვეთება. პარტია არის ინსტრუმენტი, რომ ემუშაო ამომრჩეველს. 2024 წლის არჩევნები მიმაჩნია მნიშვნელოვნად და არ გამოვრიცხავ, რომ ვიქნები რომელიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე, როგორ, რა კუთხით, რა პოლიტიკურ პარტიაში, როგორი იქნება კონფიგურაცია, ამას პროცესები გამოაჩენს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ის არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025