
ევროკომისიამ წარმატებით შეძლო, ზეწოლა მოეხდინა სოცმედია კომპანიებზე, რათა მათ თავიანთი გლობალური კონტენტის ზედამხედველობის წესები შეეცვალათ. ეს პირდაპირ აყენებს ზიანს ამერიკელთა სიტყვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ჯიმ ჯორდანის თქმით, მათთვის ცნობილია, რომ ევროპული მთავრობები საკუთარი მოქალაქეების მიმართ ცენზურას ახორციელებენ, თუმცა კომიტეტში მოსმენა ეხება იმას, ახშობენ თუ არა შეერთებულ შტატებში სიტყვის თავისუფლებას მარეგულირებლები ბრიუსელიდან.
„ეს მოსმენა არ არის იმაზე, შეუძლიათ თუ არა ევროპულ მთავრობებს საკუთარი მოქალაქეების ცენზურა – ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ ეს ვიცით და უბრალოდ არ ვეთანხმებით. აქ საუბარია იმაზე, ახშობენ თუ არა შეერთებულ შტატებში სიტყვის თავისუფლებას მარეგულირებლები ბრიუსელიდან.
საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ევროკომისია ზედამხედველობის გაიდლაინებს არეგულირებს. ხშირად ისინი სოციალურ მედია პლატფორმებს უშუალოდ ეკითხებიან, როგორ მართავენ ისინი ამერიკაში გამოხატვის უფლებას. მაგალითად, 2024 წელს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჟუროვა კალიფორნიაში ჩავიდა და „ტიკტოკის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რათა აშშ-ის არჩევნებისთვის მზადებაზე ესაუბრათ. რატომ უნდა გაემგზავროს ევროკავშირის წარმომადგენელი კალიფორნიაში იმისთვის, რომ ამერიკის არჩევნებზე ისაუბროს? აინტერესებდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტ ჟუროვას ერთდროულად ევროკავშირისა და შეერთებული შტატების არჩევნებისთვის მზადება, თუ მისი ინტერესის სფერო ძირითადად ევროკავშირი იყო? მისი პასუხი იყო, ჩვენ ორივეთი ვართ დაინტერესებულიო. ჩემთვის ეს უბრალოდ დაუჯერებელია. აი სადამდე მივყავართ ციფრული სერვისების აქტს. პასუხი აშკარაა – ევროკომისია ცდილობს გამოხატვის თავისუფლების ცენზურას და არჩევნებში ჩარევას მთელ მსოფლიოში. ახლა ევროპელები ცდილობენ, დამალონ ის, რასაც აკეთებენ და ამბობენ, რომ ცენზურის რეგულაციები კონსენსუსს ეფუძნება, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სიმართლეა“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა 4 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით: „ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის: ნაწილი 2“. მოსმენას კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა.
0
0