
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აღმოსავლეთ კონგოში მიმდინარე ომი იმ ომებს შორისაა, რომლებიც მან შეაჩერა, ივნისში, კონგოსა და რუანდას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ. თუმცა, კონგოს მოსახლეობა და კონფლიქტების მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ტრამპის მტკიცებით, მან დაასრულა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი და კონგო აფრიკის „ყველაზე ბნელ და ღრმა“ ნაწილად მოიხსენია.
„ეს სასტიკი ომი 35 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხრა მილიონი ადამიანი მოკლეს მაჩეტეებით. მე ეს შევაჩერე... და ბევრი სიცოცხლე გადავარჩინე“, - განაცხადა ტრამპმა.
The Associated Press-მა გადაამოწმა ტრამპის განცხადება და დაადგინა, რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რამდენიმე ცხელ წერტილში შეტაკებებია ხშირად რუანდის მიერ მხარდაჭერილ M23 მეამბოხეებსა (რომლებმაც წელს ძირითადი ქალაქები დაიკავეს) და კონგოს ძალებთან ერთად მებრძოლ მილიციას შორის.
როგორც The Associated Press-ი წერს, კონგოსა და ამბოხებულებს შორის ყატარის ხელშეწყობით მიღწეული საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება ჩიხში შევიდა. ორივე მხარე ერთმანეთს სამშვიდობო პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
„რეალობისგან შორს არის ის განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ომი დაასრულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას შეტაკებებია. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასება მცდარია, რადგან ადგილზე მყოფი ადამიანების უფლებები კვლავ უხეშად ირღვევა და ზოგიერთი დარღვევა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს“, - თქვა Amnesty International-ის წარმომადგენელმა კრისტიან რუმუმ და ტრამპს მოუწოდა, დააჩქაროს სამშვიდობო პროცესი.
0
0