08/08/2024
18:33
ეკონომიკა
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არის ქართულ ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტბაზრის კომპლექსური კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ექსპერტმა, დომაგო იურიევიჩმა გააკეთა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
დომაგო იურიევიჩის თქმით, როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის შესწავლა ევროკავშირის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა ყველა დასკვნა ქართული ტელეკომ ბაზრიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
ევროკავშირის ექსპერტის განმარტებით, ქართველი მომხმარებლები ძირითადად დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობენ, რაც ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობითაა განპირობებული. დომაგო იურიევიჩის თქმით, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორია და საცალო ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის, წინასწარი რეგულაციის საჭიროება გამოვლინდა.
„კომპლექსური კვლევის მიხედვით, რომელიც ეფუძნება როგორც ევროკავშირის, ისე ComCom-ის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიას, ქართული ბაზრიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ დავასკვენით, რომ ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, რის შედეგადაც ზარალდება ქართველი მომხმარებელი. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს დაბალსიჩქარიანი და უხარისხო ინტერნეტით. ჩვენ დავადგინეთ, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. ევროკავშირის წესებისა და კომუნიკაციების კომისიის მეთოდოლოგიის მიხედვით კი ამგვარი ოპერატორი უნდა დაექვემდებაროს რეგულირებას. ევროპის სხვა ქვეყნებიდან მიღებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რეგულაციების დაწესება ბაზარზე კონკურენციის ზრდას იწვევს. დომინანტ ოპერატორზე დაწესებული ვალდებულებები დაგვეხმარება იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც გამოვლინდა ბაზრის კვლევის ფარგლებში. ComCom-ის მხრიდან რეგულაციების დაწესება კონკურენციის გასაუმჯობესებლად და ქართველი მომხმარებლის ზარალის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რადგან შედეგად ჩვენ მივიღებთ მეტ კონკურენციას და მეტ არჩევანს ქართველი მომხმარებლისთვის“, – განაცხადა დომაგო იურიევიჩმა.
0
0