15/01/2025
11:17
მსოფლიო
ლოს-ანჯელესში მომხდარი ტყის ხანძრის დროს, მე-20 საუკუნის ავსტრიელ-ამერიკელი კომპოზიტორის არნოლდ შონბერგის, სულ მცირე, 100 000 პარტიტურა განადგურდა. ნოტები, წყნარი ოკეანის პალისადების უბანში, მისი ოჯახის კუთვნილ პროდიუსერულ კომპანია Belmont Music Publishing-ში ინახებოდა, რომელიც გასულ კვირას დაიწვა. პარტიტურების მთავარი კოლექცია ორკესტრებსა და მუსიკოსებზე იყო გაქირავებული. ამერიკული სიმფონიური ორკესტრის დირექტორის, ლეონ ბოტშტაინის, თქმით, პარტიტურები "მნიშვნელოვანი რესურსი" იყო მუსიკოსებისთვის.
„კომპანიისთვის, რომელიც ექსკლუზიურად ორიენტირებული იყო შონბერგის ნამუშევრებზე, ეს დანაკარგი წარმოადგენს არა მხოლოდ ქონების ფიზიკურ განადგურებას, არამედ კულტურულ უბედურებას. ვიმდოვნებთ, რომ ნოტების ციფრული ასლები შეიქმნება და უახლოეს მომავალში, სრულიად ციფრული ფორმით, მათი „ფერფლიდან აღდგენას’’ შევძლებთ“, - ნათქვამია კომპანია Belmont Music Publishing-ის განცხადებაში.
შონბერგის 83 წლის ვაჟის ინფორმაციით, ასევე განადგურდა კომპოზიტორის სხვა სამახსოვრო ნივთები, მათ შორის ფოტოები, წერილები და პლაკატები.
არნოლდ შონბერგი, ვენაში, 1874 წელს, ებრაელების ოჯახში დაიბადა. კომპოზიტორმა წარმატებას ბერლინში მიაღწია, 1933 წელს კი, ნაცისტების მხრიდან დევნის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ში გაიქცა და საბოლოოდ ლოს-ანჯელესში დასახლდა, სადაც ინოვაციური კომპოზიციების შექმნა განაგრძო. არნოლდ შონბერგი, 1951 წელს, ლოს-ანჯელესში, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
შონბერგის ორიგინალური ხელნაწერების უმეტესობა ავსტრიაში, ვენის მუზეუმში ინახება.
0
0