
კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებს აკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგნენ წინა ხაზზე და დაიცვან ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება, ემუქრებოდეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.
„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად, სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში.
„ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს. ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0