
რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის «НОВАТЭК»-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, სერგეი პროტოსენია ესპანეთში, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Telecinco იუწყება.
არხის ცნობით, პროტოსენია 400 მილიონ ევროდ შეფასებულ ქონებას ფლობდა და ჩვეულებრივ საფრანგეთში ცხოვრობდა, ოჯახი კი ესპანეთში აღდგომის დღესასწაულზე ეწვია.
ესპანეთის სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, სამი ადამიანის ცხედარი სამშაბათს, სოფელ ლორეტ დე მარში მდებარე სახლში იპოვეს. კატალონიის პოლიციამ TАСС-ს დაუდასტურა, რომ ვერსია განიხილება, რომლის თანახმად, მამაკაცს ცოლ-შვილის მოკვლა შეეძლო, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულა. თუმცა, დაღუპულთა ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში “გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვლადისლავ ავაევი და მისი ოჯახი გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ავაევმა ცოლსა და ქალიშვილს ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
0
0