
კომპანია „თელასმა“ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს.
განახლებული ქვესადგური საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა დაათვალიერეს.
ქვესადგური „ტაბახმელა“ ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა. არაერთი კაპიტალური რემონტის მიუხედავად, ქვესადგურის აღჭურვილობა ფიზიკურად და მორალურად მოძველებული იყო. გამომდინარე აქედან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალებით, „თელასმა“ 2024-2029 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია ჩაატარა. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით. ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები. ასევე ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით.
ქვესადგური „ტაბახმელა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ორთაჭალა ჰესი-სოლოლაკი-ტაბახმელა-კიკეთი-კოჯორის“ კვანძის ელექტრომომარაგებაში. ის ასევე ენერგიით მოამარაგებს “კრწანისის” ახალ ქვესადგურს. აღსანიშნავია, რომ ქვესადგური „ტაბახმელას“ რეკონსტრუქციის და ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობის პროექტების დასრულებით კომპლექსური ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში სს „თელასმა“ სრულად შეასრულა სემეკის 2022 წლის 28 ივლისის №32/8 და 2023 წლის 21 დეკემბრის №60/2 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები.
„სს „თელასის“ პრიორიტეტი მომავალშიც იქნება კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა განაწილების ქსელის მშენებლობის, განახლების და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0