
კომპანია „თელასმა“ ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობა დაასრულა. ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება ელექტროენერგიით უზრუნველყოფს დედაქალაქის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ და სწრაფად განვითარებად რაიონებს, როგორიცაა ორთაჭალა და კრწანისი.
ქვესადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.
ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება თბილისის დინამიურმა განვითარებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ქვესადგური განვითარებად ტერიტორიაზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
ქვესადგურის მშენებლობა სს „თელასის“ 2024-2029 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალებით განხორციელდა. ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროექტის ფარგლებში კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი, ააშენა ქვესადგური და გაიყვანა საკაბელო ხაზები. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით, მათ შორის ორი ძალოვანი ტრანსფორმატორით. ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტსა და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე ევროპული მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები. ასევე ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით. აშენდა 1400 მეტრი სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელეტროგადამცემი ხაზები. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია.
„მიუხედავად იმისა რომ, ქვესადგურის მშენებლობისთვის საკმაოდ მცირე დრო იყო განსაზღვრული, „თელასის“ თანამშრომლების ძალისხმევით აღნიშნული პროექტი დადგენილ ვადებში განხორციელდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ „თელასი“ განაგრძობს მუშაობას ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0