
კომპანია „თელასმა“ წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2025 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 26 დეკემბერს გაიმართა.
2024-2025 წლებში “თელასის” ინვესტიციების მოცულობამ 355 მილიონი ლარი შეადგინა. წელს ინვესტიციები ძირითადად ქსელის მოდერნიზებას და რეკონსტრუქციას მოხმარდა. 2025 წელს ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროექტები, როგორიცაა ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობა, ქვესადგური „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია და ქვესადგური „ორხევის“ რეკონსტრუქცია. ეს ქვესადგურები ელექტროენერგიით ამარაგებენ თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს.
ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება თბილისის დინამიურმა განვითარებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ქვესადგური განვითარებად ტერიტორიაზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატს შეადგენს. ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ასევე, კომპანია „თელასმა“ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დაასრულა. ქვესადგური „ტაბახმელა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ორთაჭალა ჰესი-სოლოლაკი-ტაბახმელა-კიკეთი-კოჯორის“ კვანძის ელექტრომომარაგებაში. ის ასევე ენერგიით მოამარაგებს “კრწანისის” ახალ ქვესადგურს. პროექტის ფარგლებში ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ქვესადგური „ტაბახმელას“ რეკონსტრუქციის და ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობის პროექტების დასრულებით კომპლექსური ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში სს „თელასმა“ სრულად შეასრულა სემეკის 2022 წლის 28 ივლისის №32/8 და 2023 წლის 21 დეკემბრის №60/2 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები.
ამასთანავე, 2025 წელს „თელასმა“ რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოები დაასრულა ისეთ ქვესადგურებში, როგორიცაა „აეროპორტი“, „დინამო“, „საბურთალო-1“, „საბურთალო-2“, „საბურთალო-3“. ასევე ჩატარდა ახალი საკაბელო გადამცემი ხაზების მშენებლობის და მოძველებული კაბელების შეცვლის სამუშაოები.
„თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მომავალშიც გაგრძელდება. 2026 წლისთვის „თელასის“ ინვესტიციები ახალი მომხმარებლების მიერთების გარეშე 85 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0