
გამოცემა Ukrainska Pravda საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სააკაშვილს მიაჩნია, რომ „კოლექტიური დასავლეთის მნიშვნელოვან ნაწილს“ არ სურს იმის აღიარება, რომ თავადაც პუტინის ომის ნაწილი არიან.
ამასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, პრობლემას წარმოადგენენ კორუმპირებული დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სამხედრო გზით რუსეთის დამარცხება შეუძლებელია.
„უკრაინაში შეჭრა, მთელი თავისი მასშტაბით, არა ცალკე აღებული ომი, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ პუტინის დიდი ომის ნაწილია. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პუტინს ეს კარგად ესმის. უკრაინა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ცდის, ხოლო კოლექტიური დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ყველანაირად გაურბის საკითხის ასე დაყენებას, რადგან, თუ ამას აღიარებ, მაშინ ეს შენს საზოგადოებას უნდა აუხსნა და ბოლომდე იარო. დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსების უმეტესობისთვის კი შეუძლებელი ამოცანაა საკუთარი თავი ომის ნაწილად გამოაცხადონ, სანამ თავზე ბომბები არ დაეცემათ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სტატიაში მიხეილ სააკაშვილი ასევე საუბრობს კორუმპირებულ დასავლელ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც მეხუთე კოლონის ნაწილად მოიხსენიებს.
„მეხუთე კოლონაში, ასევე, შედიან კორუმპირებული დასავლელი პოლიტიკოსები და პრორუსი ბიზნეს-ლობი, განსაკუთრებით, გერმანიაში. სწორედ ეს მეხუთე კოლონა ადანაშაულებდა 2008 წელს საქართველოს რუსეთის პროვოცირებაში და 2014-ში უკრაინას... სწორედ ის ცდილობს ახლა სხვადასხვა გზით დაამტკიცოს, რომ სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან რუსეთის დამარცხება სამხედრო გზით შეუძლებელია.
რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავს გამოაცხადებს? რა და ერთ-ორ წელიწადში პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ხოლო საქართველოს და მოლდოვას ის უბრალოდ გზად გადაყლაპავს, პრაქტიკულად, რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ ახლა დასავლური სამყაროს წინააღმდეგ რუსეთის დიდი აგრესიის ცენტრში ვიმყოფებით. უკრაინა კი, საკუთარი მსხვერპლის ფასად, დასავლეთს ეხმარება“, - წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინა მთელი რეგიონის ზესახელმწიფო გახდება.
0
0