18/07/2023
13:16
მსოფლიო
სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ტაიფუნი „თალიმი“ მძვინვარებს. სტიქიის გამო 230 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა
ჩინეთის ხელისუფლებამ ავიარეისების გაუქმებისა და სარკინიგზო გადაზიდვების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ასევე დაიხურა სათევზაო ლოკაციები და ზღვისპირა ტურისტული ადგილები.
Xinhua-ს ინფორმაციით, გუანგდონგის პროვინციაში ტაიფუნი „თალიმი“ 140 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დააბრუნა 2700-მდე სათევზაო ხომალდი და 8200-ზე მეტი მეთევზის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ტაიფუნი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია სინძიანში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა - 52.2℃ (126F) - დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე ძლიერი კატეგორიის ტაიფუნია, რომელიც საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.
იაპონიაში კი, 60-მდე ადამიანი დაავადდა სითბური ინსულტით. იაპონიის ხელისუფლებამ ასევე ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 32-ში მოსალოდნელი სიცხის [42℃] შესახებ გაფრთხილება გასცა.
სამხრეთ კორეაში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. 18 ივლისს, სამხრეთ კორეაში მაშველებმა ჩეონჯუს ცენტრალურ მთიან რეგიონში დატბორილი გვირაბიდან უკანასკნელი ცხედარი ამოიყვანეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ ის „სრულად განიხილავს“, თუ რა ზომები უნდა მიიღოს მთავრობამ ექსტრემალურ ამინდთან დაკავშირებით, რადგან ასეთი მოვლენები „უფრდაუფრო აქტუალური გახდება“.
ამავდროულად, მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა აშშ-სა და ევროპაში. ცხელი ამინდი მომავალ კვირამდე გაგრძელდება.
0
0