
კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის „საქმეს" მიხედავენ და „ატვეჩაიშიც" ჩადგნენ - გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გასწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, იგეგმება თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ, თორნიკე რიჟვაძეს შესთავაზონ გარიგება და მან სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს.
„კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის "საქმეს" მიხედავენ და "ატვეჩაიშიც" ჩადგნენ. შესაბამისად, კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება (ოჯახმა ცხადია იცის უკვე პირობები) - სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს. მხოლოდ ამიტომ არის, რომ ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც პროკურატურას და არც „შსს-ს“.
უნდა ესმოდეს ყველას, რომ საქმე გვაქვს ბანდფორმირებასთან, მკვლელებთან, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ “კილერის” დაქირავება და ადამიანის მკვლელობა! გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გაწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა“,- წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი ის მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
0
0