
16 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურს ახალი თანამშრომელი, კობა ლიკლიკაძე წარუდგინა. წარსულში ცნობილი ჟურნალისტი საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობას შეასრულებს.
სამსახურის დირექტორმა ცალკე გაუსვა ხაზი სამხედრო მშენებლობის მიმართულებით კობა ლიკლიკაძის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. კობა ლიკლიკაძე 1990-იან წლებში იდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა გვერდით და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესში; კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ კობა ლიკლიკაძის გამოცდილება და ინტელექტუალური პოტენციალი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და წარმატებები უსურვა მას ამ გზაზე.
კობა ლიკლიკაძე გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი:’’ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, საკუთარ ოჯახში დავბრუნდი. მადლობა გენერალ კობალაძეს ჩემს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის,’’-აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ.
ინფორმაციისთვის, კობა ლიკლიკაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; სხვადასხვა დროს გაიარა მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი ჯორჯ მარშალის ცენტრში (გერმანია, გარმიშ-პარტენკირხენი); ნატოს კომუნიკაციების კურსი. (შპიეცი, შვეიცარია) და, ასევე, ნატოს ორკვირიანი კურსები მედიასა და სამხედროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ( ვაშინგტონი, აშშ) .
კობა ლიკლიკაძემ ჟურნალისტური საქმიანობა1990-იან წლებში გაზეთ „საქართველოში“ დაიწყო. მივლინებით იმყოფებოდა სოხუმში, სადაც, მოგვიანებით, შეუერთდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
1993 -1994 წლებში იყო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესსამსახურის (სოხუმი, ოჩამჩირე) უფროსი სამხედრო კორესპონდენტი; 1994-2000 წლებში- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი;
2001-2002 წლებში კითხულობდა ლექციებს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში;
2001-2025 წლებში იყო რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს, მოგვიანებით კი პრაღაში, სათაო ოფისის ქართული სამსახურის თანამშრომელი.
როგორც ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე 1992-93 წლებში აშუქებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს; ხოლო 2008 აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს, რისთვისაც დაჯილდოვდა რადიო თავისუფლების სპეციალური სერტიფიკატით ( In Appreciation of Excelent Reporting during the August 2008 Georgian-Russian War);
საერთაშორისო კონფლიქტებში ქართული სამხედრო მისიის გასაშუქებლად, 2008 წლის ივლისში, ერაყში, 2016 აპრილში კი -ავღანეთში იმყოფებოდა.
2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რეპორტაჟების მოსამზადებლად, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი ჩავიდა კიევში.
კობა ლიკლიკაძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია და ანალიტიკური სტატია საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. მათ შორის, ინგლისურენოვან ინტერნეტ გამოცემებში: Jamestown Foundation-სა და IWPR-ში (Institute For War/Piece Reporting;)
0
0