
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი პოლ ჰოპსლოტი და ამავე ინსტიტუტის მკვლევარი, ჰიელტ ალჰრა, კახეთში, ომის ვეტერან მევენახეებსა და მეღვინეებს ეწვივნენ. სტუმრებს მეგზურობას უწევდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსხურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად. ჰოლანდიელი სტუმრების ვიზიტის მიზეზი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, საქართველოს ვეტერანების მიმართ პატივისცემის გამოხატვა და მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობა იყო.
როგორც პოლ ჰოპსლოტმა აღნიშნა, საქართველო ღვინის სამშობლოა და ჰოლანდიური მხარისთვის მნიშვნელოვანია ქართველი მევენახეების გამოცდილების გაზიარება, რადგან აგრარულ სექტორში დასაქმებული ჰოლანდიელი ვეტერანები დაინტერესებულნი არიან მევენახეობის განვითარებით; კახეთის ტურნე, საგარეჯოში, ომის ვეტერანის, მევენახე პაატა ბუზარიაშვილის ვენახში სტუმრობით დაიწყო; ისინი გაესაუბრნენ მასპინძელს და ადგილობრივ ვეტერანებს, რომლებიც მევენახეობას ეწევიან, დაათვალიერეს ზვრები და ყურძნის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ, ჰოლანდიელმა სტუმრებმა, მასპინძლებთან ერთად, გურჯაანში, ვეტერან თეიმურაზ ზავრაშვილის ღვინის მარანში გადაინაცვლეს, გაეცნენ ღვინის დაწურვის პროცესს, დააგემოვნეს ქვევრის ღვინო.
სტუმრები განსაკუთრებით აღაფრთოვანა ქართული ქვევრის ღვინის გემოვნურმა თვისებებმა და, ზოგადად, ქართველი კაცის დამოკიდებულებამ და განსაკუთრებულმა სიყვარულმა ტრადიციული მეღვინეობის მიმართ. მოგვიანებით, სტუმრებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს, საიდანაც კარგად მოსჩანს ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვეტერან ვაჟა ციგროშვილის ვენახები. მათ სურვილი გამოთქვეს, ადგილზე ენახათ ზვრები და გაცნობოდნენ ქარხანაში ღვინის წარმოების პროცესს.
ღვინის ქარხანაში, ჰოლანდიელ სტუმრებსა და მათ ქართველ მასპინძლებს, მეგზურობა გაუწია მეღვინე თენგიზ ამონაშვილმა, რომელმაც მათ გააცნო მთლიანი პროცესი ქარხანაში ყურძნის მიღებიდან ბოთლებში ღვინის ჩამოსხმამდე. თენგიზ ამონაშვილმა დეტალურად აუხსნა სტუმრებს ღვინის წარმოების მთელი ციკლი - ევროპული დანადგარებით, ევროპული ტექნოლოგიით, მაგრამ ქართული ტრადიციების დაცვით. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს მშენებარე ღვინის ქარხანაც. გენერალმა პოლ ჰოპსლოტმა და ჰიელტ ალჰრამ გულწრფელი მადლიერება გამოხატეს ქართველი მასპინძლების მიმართ იმ უსაზღვრო სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელსაც ისინი საქართველოში ყოფნის დროს ყოველწუთიერად გრძნობენ.
მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს კობა კობალაძეს საინტერესო დღეებისთვის, გულთბილი მასპინძლობისთვის და პირობა დადეს, რომ სამომავლო თანამშრომლობის გზებზე, გაცვლით პროგრამებსა და აგრარულ სექტორში ურთიერთობის გაღრმავებაზე იმუშავებენ.
"ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი ვეტერანების საქართველოში გამოგზავნაზე მევენახეობის შესასწავლად, რადგან ჩვენ შეგვიძლია, თქვენგან ბევრი რამ ვისწავლოთ ამ სფეროში. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალ წელს კვლავ გესტუმრებით", - განაცხადა პოლ ჰოპსლოტმა. ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.
0
0