
☑ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსული საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
☑58 წლის თამაზ გინტური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი გახლდათ. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე იყო. ☑თამაზ გინტურს, 11 ნოემბერს, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
☑ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
☑ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა; მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
0
0