
⭕დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრთან, ბექა ღვაჩლიანთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ესტუმრა, რომელიც, უკვე, მოხალისეთა მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს.
⭕სტუმრებს, ა(ა) იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა ადგილზე გააცნო მოხალისეთა მომზადების პროგრამის მიმდინარეობა, ცენტრის ინფრასტრუქტურა და პროექტის მონაწილე მოზარდები, რომელთა შორის არიან ქუთაისის აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლისა და თბილისის ვლადიმერ ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
⭕მოზარდებმა სტუმრებთან ერთად ისადილეს, ხოლო შემდეგ, მცირე კონცერტი გამართეს და წარმოადგინეს მათ მიერ დადგმული კომპოზიცია_’’აფხაზეთი საქართველოა’’.
⭕კობა კობალაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის, მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და მოტივირებული, შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მომავალი თაობის აღზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ მოხალისეებსა და ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
✍ინფორმაციისთვის, მოხალისეთა ორგანიზაცია - ა(ა)იპ ,,ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და ,,საქართველოს გენერალთა კლუბმა“ 2023 წლის აპრილში დააფუძნეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით; დაარსებიდან დღემდე, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე გადამზადდა
0
0