
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ „ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია”.
„ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა: საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები; დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი; უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ვაცხადებთ: არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს! ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღიარებისა და საბოლოო ჩამოშლისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე, ოპოზიცია და ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეკლარაციას.
0
0