05/06/2023
11:29
პოლიტიკა
კოალიციური მთავრობა გვჭირდება, ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტზე უნდა შეთანხმდეს - წყალგამყოფი უნდა იყოს კადიროვის საქართველო გვინდა თუ ევროპული დემოკრატია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა ისაუბროს კოალიციაზე და აღნიშნა, რომ მას ეთანხმება, რადგან არ არსებობს ოპოზიციური ძალა საქართველოში, რომელიც მარტო მოიპოვებს 51 პროცენტიან მხარდაჭერას.
„სრულად ვიზიარებ ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კოალიციური მთავრობა გვჭირდება. უნდა იცოდეს ხალხმა, რომ უსაფრთხოება, მშვიდობა, კომფორტი დაკავშირებულია ოპოზიციასთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ხალხმა უნდა იცოდეს ზუსტად, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ამიტომ დროა ოპოზიცია გადავიდეს ამ საკითხის განხილვაზე და მიაღწიოს შეთანხმებას, თუ რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს გამარჯვების შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ ვინ არის პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, ყველაფერი ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ რუსული ოპერატიული ლეგენდის გავრცელების შესაძლებლობა, რომ ისეთი ხალხი დაბრუნდება, დაიწყება რევანში და შურისძიება. მთავარი ფაქტორი არის, სად მიგვყავს საქართველო - კადიროვის გზაზე თუ ევროპის გზაზე, ეს იქნება წყალგამყოფი. „ქართული ოცნება" ბოლომდე ლუსტრირებულია საერთაშორისო პარტნიორებში და ლუსტრირება უნდა მოხდეს ყველა მოქალაქისთვის. ოპოზიციაში თუ ვინმე საუბრობს და ქმნის ილუზიას, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს, თუ ვინმე აპირებს "ქართული ოცნების" ისე დამარცხებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის გაფორმებას არ აპირებს, ასეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო აიღებს 51 პროცენტს, მე არ ვიცი, ასეთი ოპოზიციური ძალა არ არსებობს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ წყალგამყოფი, კადიროვის, "როსგვარდიის" საქართველო გვინდა თუ ევროპული დემოკრატია,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის"ეთერში, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
"ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
0
0