აშშ-ში, კაცი ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოს უჩივის, რომელშიც მისი თავის ქალას ნაწილი დაკარგეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ფერნანდო კლასტერი ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტის კლინიკაში 2022 წლის სექტემბერში მოხვდა, როდესაც ინსულტი დაემართა.
პაციენტის გადასარჩენად ნეიროქირურგებმა თავის ქალას ტრეპანაცია ჩაატარეს და ტვინზე წნევის შესამცირებლად კაცს თავის ქალას ნაწილი დროებით მოკვეთეს. ძვლოვანი ქსოვილი, რომლის ზომაც 12x15 სანტიმეტრი იყო სპეციალურ საცავში უნდა მოეთავსებინათ.
ნოემბრის დასაწყისში, როდესაც კლასტერმა ოპერაციის შემდეგ ძალები აღიდგინა, თავის ქალას ნაწილი უკან უნდა დაებრუნებინათ, თუმცა გაირკვა რომ მას ვერსად პოულობენ. ამიტომ, მისი ძვლოვანი ქსოვილის ნაცვლად კაცს პროთეზი დაუყენეს. ამასთან, ამ პროცედურის დროს პაციენტს ინფექცია შეეჭრა და მის მოსაშორებლად კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა.
საერთო ჯამში, კლასტერის ოჯახის სამედიცინო ხარჯებმა 146 ათას დოლარს გადააჭარბა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ექიმების დაუდევრობის გამო კაცმა სერიოზული ტრავმები მიიღო და ვეღარ მუშაობს, ამიტომ ოჯახი ზიანის ანაზღაურების მიზნით კლინიკისგან კომპენსაციას ითხოვს.
0
0