
ახალი ანალიზის თანახმად, 2023 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, ბრაზილიასა და კოლუმბიაში ტროპიკულ ტყეებში გაკაფული ხეების რაოდენობა მკვეთრად დაეცა. მკვლევარების შეფასებით, გარემოს დაცვა ახალი ლიდერებისთვის პრიორიტეტული საკითხი გახდა, შესაბამისად, ბრაზილიის ტყეების გაკაფვის მაჩვენებელი საგრძნობლად - 39%-ით -შემცირდა. თუმცა, ბოლივიაში, ლაოსსა და ნიკარაგუაში ტყის გახშირებულმა გაკაფვამ და ხანძრებმა ეს სტატისტიკა გადაფარა. ძირითადად, კანადაში, ტყის ხანძრების გამო, გლობალური მაჩვენებელი მეოთხედით გაიზარდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს ბრაზილია პასუხისმგებელი იყო ტროპიკული ტყეების მთლიანი დანაკარგის 43%-ზე, ამ მაჩვენებლის 39%-ით შემცირება მისასალმებელია. თუმცა ხეების გაჩეხვის მონაცემები კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე 2010-იანი წლების დასაწყისში იყო. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ასევე კოლუმბიაში, პირველადი მონაცემით, 2022 წელთან შედარებით, გაჩეხილი ხეების რაოდენობა თითქმის განახევრდა. შემოდგომაზე, პრეზიდენტ გუსტავო პეტრო ურეგოს მიერ მიღებულმა ზომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა,” - თქვა მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა როდ ტეილორმა.
ექსპერტების შეფასებით, ამ მხრივ, კვლავ არასახარბიელო სურათია ბოლივიაში, სადაც ზედიზედ მესამე წელია, ხე-ტყის დანაკარგის რეკორდული რიცხვი ფიქსირდება - ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ საერთო სურათი აშკარად სხვადასხვაგვარია, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოს სულ რაღაც 6 წელი დარჩა ტყის გაჩეხვის შეჩერების შესახებ დაპირების შესრულებამდე - იგულისხმება 2021 წელს, გლაზგოში გამართულ COP26-ის კლიმატის სამიტზე მიღწეული მთავარი შეთანხმება.
0
0