
"ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ კითხვა, რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული. კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ჯო უილსონმა, სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული (თავად კითხვის შინაარსს ვგულისხმობ). ყველა წინადადება, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული - აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც აღნიშნული განცხადება გაკეთდა.
"აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის დღევანდელ მოსმენაზე.
მან [უილსონმა] არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას - როგორ არის ანტიამერიკული ის ხელისუფლება, რომლის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან?! ამ ფონზე, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ - რას შეეხებოდა განხილვა და რაზე იყო, ზოგადად, აქცენტები გაკეთებული. ერთადერთი დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არამხოლოდ მოსმენის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო და ამაზეა საუბარი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0