05/05/2024
21:51
სპორტი
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში გაიტანა და კაცნაკლულ გრაცის „შტურმს“ „ჰარტბერგთან“ საშინაო მატჩი ქულა მოაპოვებინა – 1:1.
საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურის შეხვედრაში ქართველის გუნდის მიზანი მხოლოდ მოგება იყო, რაც მას 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას მიაახლოვებდა, მაგრამ თამაშის დასაწყისში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა – მე-9 წუთზე გრაცელების მოთამაშე იონ სტანკოვიჩი მოედნიდან გააძევეს და „შტურმი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.
„ჰარტბერგმა“ რიცხვობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა და მე-17 წუთზე დაწინაურდა – გოლი მაქსიმილიან ენტრუპმა გაიტანა. გრაცელებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს – 58-ე წუთზე სტუმართა კარში გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა – 1:1.
ავსტრიის ბუნდელსიგაში გამართული 30 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ზალცბურგს“ (რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს) ოთხი ქულით ასწრებს. ოთარ კიტეიშვილს კი მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
0
0