
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.
ამის შესახებ კელოგმა კიევში უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან რთული სამუშაო მიმდინარეობს. ამ კუთხით კელოგმა ისაუბრა როგორც ალიასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, ასევე ამავე კონტექსტში ევროპელი ლიდერებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
„თქვენ ხედავთ, როგორ სწრაფად მიიწევს წინ პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც მივიღებთ უსაფრთხოების გარანტიებს. ეს სამუშაო ახლაც გრძელდება“, – განაცხადა კელოგმა.
კიტ კელოგმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ომის დასრულების აუცილებლობაზე.
„თქვენ გსურთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ, სამართლიან და გონივრულ დასასრულამდე. მომავალ წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, სავარაუდოდ, ეს უკვე იქნება მიღწეული, ყველაფერი იქნება სხვაგვარად, უკრაინა იქნება სხვა ქვეყანა. და ნებისმიერი როლი, რომელიც ჩვენ, ყველას შეგვიძლია, შევასრულოთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კელოგმა.
0
0