
კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გვიან ღამით განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის დაუშვებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთობას, განსაკუთრებით, რუსული აგრესიის დროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.
მისი თქმით, ახლა მომხდარი ფაქტის ყველა გარემოებას სწავლობენ. მან პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
„სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი ორგანოები ყველა დეტალს არკვევენ, რათა მომხდარის ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, მიიღონ საჭირო ზომები, რათა პასუხი აგებინონ ყველა დამნაშავეს, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს“, - განაცხადა ბუდანოვმა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ძალოვან უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საჭირო გამოსავლის ძიება.
მან ყველა უკრაინელს მოუწოდა, ნებისმიერი გადაწყვეტილებისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების დროს ერისა და სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელონ.
ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო
0
0