
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სუს-ში აცხადებენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
„აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
0
0