
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დროის გასვლასთან ერთად უცხო ქვეყნების სატელიტების თავდასხმების გამო „სულ უფრო მეტად შეშფოთებულია“. ამის შესახებ მან ლონდონის კენტონ იუნაითედ სინაგოგაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ სინაგოგაზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.
სტარმერის თქმით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციები დიდ ბრიტანეთს საფრთხეს უქმნიან.
„ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ბოროტმოქმედებს. ამისთვის კანონმდებლობის მიღება იქნება საჭირო და ჩვენ ამ კანონმდებლობას წინ წავწევთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ, რომ რიგი ქვეყნები ამ ქვეყანაში თავდასხმებისთვის მარიონეტებს იყენებენ“, – განაცხადა სტარმერმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთი არ შეუერთდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს, რადგან ეს სამეფოს ინტერესებში არ შედიოდა.
სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანია, ბრიტანეთს ემსახუროს.
„მე ვარ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და გადაწყვეტილებებს ვიღებ იმის მიხედვით, თუ რა შედის ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში და არა იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ ან აკეთებენ სხვები. მე აქ ვარ, რომ ვემსახურო ბრიტანელ ხალხს, ყოველთვის დავიცვა მათი ინტერესები და უზრუნველვყო, რომ მათთვის სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ირანის წინააღმდეგ ომში. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ჩავერთვებოდით სრუტის ბლოკადაში. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“,- განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, 17 აპრილს კენტონ იუნაიტედ სინაგოგაში ხანძრის გაჩენის მცდელობა აღკვეთეს. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ იძიებს, დაკავშირებული იყო თუ არა გასულ კვირას მსგავსი თავდასხმების სერია ირანთან.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026