
როგორც Spacesnews-ს კიევში საქართველოს საელჩოს წარმომოადგენელმა აცნობა, ჭურვი საელჩოს მახლობლად აფეთქდა. საელჩოს წარმომადგენლის ცნობით, შენობა არ დაზიანებულა და საელჩოს თანამშრომლებიც არ დაშვებულან.
ცნობილია, რომ კიევში საქართველოს საელჩო ამ დრომდე განაგრძობს მუშაობას და საელჩოს თანამშრომლებს კიევი არ დაუტოვებიათ.
კიევში, რკინიგზის სადგურთან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აღსანიშნავია, რომ სადგურის გვერდით განთავსებულია უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა სწორედ თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით იქნა გაშვებული, თუმცა ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო და მისი ნამსხვრევები რკინიგზის სადგურთან ჩამოცვივდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ადგილიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
„რუსმა ტერორისტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს სამხრეთის რკინიგზის სადგურზე კიევში, სადაც ათასობით უკრაინელი ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჭურვი სასტუმრო „იბისის“ სიახლოვეს დაეცა, სადგურის შენობა გადარჩა და უმნიშვნელო დაზიანება მიიღო“, – განაცხადა გერაშენკომ.
ანტონ გერაშენკოს თქმით, ჭურვმა ასევე დააზიანა გათბობის სისტემა, რის გამოც შესაძლოა, კიევის მოსახლეობის ნაწილი გათბობის გარეშე დარჩეს.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, თავდასხმის კიდევ ერთი სავარაუდო სამიზნე შეიძლება, ლუკიანოვის რაიონში სახმელეთო ჯარების სარდლობა იყოს.
0
0