
კიევში, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, ქალაქის მოსახლეობის სრული ევაკუაციისთვის ემზადებიან. ამის შესახებ The New York Times დედაქალაქის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. აღინიშნა, რომ ეს რუსეთის დარტყმების შედეგად ელექტრომომარაგების ობიექტების დაზიანებითაა გამოწვეული.
”ჩვენ შეიძლება, ელექტრომომარაგების მთელი სისტემა დავკარგოთ,” - განაცხადა ინტერვიუში მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივმა დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა.
მისივე თქმით, ქალაქის ხელისუფლება 12 საათში მიიღებს შეტყობინებას, რომ ელექტროქსელი ავარიის პირასაა და თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ხელმძღვანელობა მოსახლეობას გააფრთხილებს და ქალაქის დატოვებას ურჩევს.
მოვლენების ამგვარ განვითარებას არც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გამორიცხავს, რომელმაც დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, უარესისთვის მოემზადონ.
მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს იერიშებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, ისინი ელექტროენერგიის, წყლის ან გათბობის უქონლობისთვის უნდა მოემზადონ.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ გულწრფელად, რომ გითხრათ ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ზოგადად, ჩვენ ყველანი დავიხოცოთ. ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად ვართ სხვადასხვა ვითარებისთვის“, - განაცხადა კიევის მერმა.
0
0