20/02/2023
19:05
მსოფლიო
20 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. ეს დასავლეთის სოლიდარობის ერთგვარი დემონსტრირებაა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ "სასტიკ და უსამართლო ომში" იბრძვის.
„რუსული არმიის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ კიევი, უკრაინა ფეხზე დგას და ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებები კვლავ ურყევია. ამერიკელები და მსოფლიო თქვენს გვერდით დგანან. ღრმად მჯერა, რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს სამი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ამ ყველაზე მასშტაბურ სახმელეთო ომში. ვლადიმერ პუტინის მიზანი - უკრაინა რუკიდან წაშალოს - წარუმატებელია. ათობით ათასი რუსი გაიქცა ქვეყნიდან, რადგან რუსეთში თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ.“, - განაცხადა ბაიდენმა მარიინსკის სასახლეში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
თეთრი სახლი უკრაინაში ბაიდენის ვიზიტის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ადმინისტრაციამ მოსკოვს ბაიდენის ვიზიტის შესახებ აცნობა კიევში მის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული "რაიმე არასწორი გათვლა", რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ორი ბირთვულად შეიარაღებული ქვეყნის დაპირისპირება.
კიევში ვიზიტისას ბაიდენმა უკრაინისთვის 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების შესახებ დააანონსა. მისი თქმით, დახმარების პაკეტი უფრო მეტ სამხედრო ტექნიკას მოიცავს, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, „ჯაველინის“ რაკეტებსა და ჰაუბიცებს.
უკრაინა ასევე მოითხოვს ისეთი საბრძოლო სისტემების შექმნას, რომლებიც მის სამხედრო ძალებს საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის სამიზნეებს და რუსებს ფრონტის ხაზიდან უკან დაახევინოს.
როგორც Apnews-ი წერს, ვარშავაში დაგეგმილ ვიზიტამდე, კიევში ბაიდენის ჩასვლა ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მზად არის დარჩეს უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც მას რუსული ძალების მოსაგერიებლად დასჭირდება“.
„ვფიქრობდი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ეჭვი ამ ომის დროს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ირგვლივ“, - თქვა ბაიდენმა.
კიევში ბაიდენის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თამამი გაკიცხვაა, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი სამხედროები რამდენიმე დღეში სწრაფად გადალახავდნენ კიევს. ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის ღამე გაიხსენა: „ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს, მსოფლიო ფაქტობრივად კიევის დაცემის მოლოდინში იყო... შესაძლოა, უკრაინის დასასრულისაც.“
როგორც გამოცემა წერს, ერთი წლის შემდეგ, კიევი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, სირენების ხმები, რეკატებისა და დრონების ხშირი თავდასხმები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის მუდმივი შეხსენებაა, რომ ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ამ დროისთვის, ყველაზე სისხლიანი ბრძოლები ქვეყნის აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ქალაქ ბახმუტის მიმდებარედ მიმდინარეობს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 დაშავდა,“ - იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დონეცკის ოლქის გუბერნატორის პავლო კირილენკოს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 15 ქალაქი და სოფელი დაიბომბა. ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქები გადაიწვა. კუპიანსკში, სარაკეტო დარტყმის შედეგად, განადგურდა საავადმყოფო, ქარხანა და საცხოვრებელი შენობები.
”ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა, წარმოუდგენლად მაღალია. მსხვერპლი ძალიან დიდია, მაგრამ პუტინი ომში მარცხდება. მას [პუტინს] იმედი აქვს, რომ ჩვენ [ამერიკა და უკრაინა] ერთად არ დავრჩებით. ღმერთმა იცის, რას ფიქრობს, მაგრამ ის უბრალოდ ცდება,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
თავის მხრივ, ზელენსკი ბაიდენის ვიზიტით იმედოვნებს, რომ ამ წელს უკრაინა გამარჯვებას მიუახლოვდება. მან მადლობა გადაუხადა ამერიკელებს და „ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებას“.
ბაიდენის უკრაინაში ყოფნისას, აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, მათ შორის E-3 Sentry სადესანტო რადარი და RC-135W Rivet Joint ტიპის ელექტრონული თვითმფრინავი, კიევს პოლონეთის საჰაერო სივრციდან იცავდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი კიევს მხოლოდ რამდენიმე უფროს თანაშემწესთან და ორ ჟურნალისტთან ერთად ეწვია.
0
0