
კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა და პროტესტის ნოტა გადასცა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„2025 წლის 14 ნოემბერს, მიხაილ ევდოკიმოვი, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დაბარებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრის დროს მწვავე პროტესტი გამოითქვა 14 ნოემბერს დაახლოებით 01:00 საათზე უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონების თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნასთან დაკავშირებით და მას შესაბამისი ნოტა გადაეცა.
რუსულ მხარეს შეატყობინეს, რომ ბოლო აფეთქებამ გამოიწვია საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილის სრული განადგურება, სტრუქტურების, სამსახურებრივი მანქანების, ადმინისტრაციული შენობის, საელჩოს საკონსულო სექციის და ასევე დიპლომატიური მისიის შენობის სერიოზული დაზიანება. საბედნიეროდ, ამ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია…
შეხვედრის დროს აღნიშნულ იქნა, რომ ჩვენს დიპლომატიურ მისიებზე მსგავსი დარტყმები მიუღებელია და მოთხოვნილ იქნა, რომ რუსულმა მხარემ საკითხზე შესაბამისი გამოძიება ჩაატაროს და დეტალური ახსნა მოგვაწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი სარაკეტო დარტყმები, რომლებიც „საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, აქამდეც ხორციელდებოდა. კერძოდ აღინიშნება, რომ 2022 წლის 10 მარტს ხარკოვში აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობაზე ავიადარტყმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ასევე აღნიშნულ იქნა აქამდე აზერბაიჯანის საელჩოს მახლობლად ჩამოვარდნილი რუსული რაკეტების შემთხვევები (2024 წლის 2 იანვარსა და 2025 წლის 28 აგვისტოს) და ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობსაცავის დაბომბვა (2025 წლის 18 აგვისტოს).
„აღნიშნულ იქნა, რომ ყველა ეს ფაქტი კითხვებს ბადებს სარაკეტო დარტყმების განზრახ განხორციელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0