-share.jpg)
ჩეჩენი სამხედროები ყიდულობენ დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებს სხვადასხვა რუსული ქვედანაყოფებიდან, მიჰყავთ გროზნოში და შემდეგ ცვლიან მათ თანამებრძოლებზე. ამის შესახებ ინგლისურ გაზეთ The Times-თან საუბარში უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა პეტრ იაცენკომ ისაუბრა. გამოცემაში ასევე გადმოცემულია ამ გზით გაყიდული ერთ-ერთი ჯარისკაცის ისტორიაც.
უკრაინის 41 წლის მოქალაქე ვიაჩესლავ ლევიცკიმ თქვა, რომ რუსებმა გასული წლის თებერვალში დაიჭირეს, დონეცკის ოლქის სოფელ ავდეევკასთან ღამის დარბევის დროს ის ორივე ფეხში დაჭრეს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და რამდენიმე დღის შემდეგ ჩეჩნურ ქვედანაყოფს გადასცეს.
ლევიცკი გროზნოში გადაიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს - უმკურნალობისა და ყინვის გამო ორივე ფეხის და მკლავის ამპუტაცია დასჭირდა. როდესაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, უკრაინელი სარდაფში გადაიყვანეს, სადაც მისი 60-მდე თანამოქალაქე იმყოფებოდა. ლევიცკის მტკიცებით, გასულ ივნისში ზოგიერთი მათგანი კადიროველებზე გაცვალეს.
2023 წლის ივლისში ლევიცკის ისტორია უკრაინულმა ტელეარხმა TNS-მაც გამოაქვეყნა. ცხადი გახდა, რომ უკრაინელი სარდაფში ორჯერ იჯდა - ჯერ დონეცკში, შემდეგ კი გროზნოში. გარდა ამისა, დასახელდა მეორე სამხედროს სახელი, რომელიც ასევე ტყვედ ჩავარდა ლევიცკისთან ერთად - სერგეი პოტრემაი.
პოტრემეის თქმით, მან თვენახევარი გაატარა სეპარატისტული დონეცკის მხარდამჭერების სარდაფში - მათ სცემეს, დაემუქრნენ, რომ ესროდნენ და შიმშილით მოკლავდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯგუფის შემადგენლობაში კადიროველებს გადასცეს. პოტრემეი ირწმუნება, რომ გროზნოს სარდაფებში 39 და არა 60 სხვა უკრაინელი ჯარისკაცი იყო და მათგან მხოლოდ ცხრა გაცვალეს 2023 წლის 11 ივნისს.
ჩეჩნეთში გადაყვანილი უკრაინელი პატიმრების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ასევე უცნობია გრძელდება თუ არა მსგავსი გაყიდვები და რამდენად გავრცელებულია ეს პრაქტიკა.
0
0