05/06/2023
11:46
მსოფლიო
უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის განცხადებით, დედაქალაქში იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოსახლეობამ დაბომბვის დროს თავშესაფრებად უნდა გამოიყენოს, ვითარება კრიტიკულია, რადგან შემოწმებული თავშესაფრების ნახევარი მზად არ არის ხალხის მისაღებად.
„ამ დროისთვის ქალაქის თავშესაფრების მესამედი უკვე შემოწმდა. ვითარება კრიტიკულია: შემოწმებული თავშესაფრების ნახევარი მზად არ არის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის შემოწმებულია 1 849 თავშესაფარი, აქედან 596 ობიექტი (32%) არ არის მზად გამოსაყენებლად, კიდევ 242-ის (13%) გახსნა კი ვერ მოხერხდა.
ცნობისათვის, 2023 წლის 1-ელი ივნისის ღამეს, დედაქალაქში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა დესნიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკის შენობაში განთავსებულ თავშესაფარში შესვლას ცდილობდა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამასთან, მომხდარის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თავშესაფრების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.
0
0