10/09/2024
18:21
მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, კიევის "ოხმატდეტის" ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმის ბრძანება პირადად გასცა რუსეთის საჰაერო ძალების ამჟამინდელმა მთავარსარდალმა სერგეი კობილაშმა. კოსტინმა რუსების მიერ დაბომბილი ტერიტორია დღეს კიევში ჩასულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს დაათვალიერებინა.
”გენერალურმა პროკურატურამ, უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებთან ერთად, დაადგინა ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობდა ამ ომის დანაშაულის ორგანიზებასა და ჩადენაში - ეს არის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტი, შორეული ავიაციის ყოფილი მეთაური. ახლა რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების მეთაური და რუსეთის ფედერაციის სამხედრო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე“, - ამბობს კოსტინი.
შეგახსენებთ, 8 ივლისს ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს და Kh-101 ტიპის რაკეტებით ბავშვთა საავადმყოფოს ესროლეს. გაშვებული 38-დან, უკრაინის საჰაერო ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს. იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაშავდა ათეულობით ადამიანი.
ცნობისთვის, სერგეი კობილაში 2008 წლის აგვისტო ომში საქართველოს ბომბავდა. მონაწილეობდა სირიისა და ჩეჩნეთის ომებში და ხელმძღვანელობდა მარიუპოლის დაბომბვასაც.
ჰააგამ მარტში კობილაშიდ დაკავების ორდერი გასცა. კობილაში რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურად სწორედ ივლისში, "ოხმატდეტის" ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ დანიშნეს.
0
0