
გაზეთ The Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობებს განიხილავს.
უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, კიევი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ქვეყნის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, ერთობლივად მოპოვებისა და განვითარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტში უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები არ არის მოცემული, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდნენ და, უკრაინის პოზიციების გაძლიერების მიზნით, ამ შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაფართოების გზად განიხილავენ.
„სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება საერთო სცენარის მხოლოდ ნაწილია. ჩვენ არაერთხელ გვსმენია აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომ ეს უფრო ფართო სურათს ასახავს. გარიგება მხოლოდ „ჩარჩო შეთანხმებაა“ და არანაირი შემოსავალი არ გადაირიცხება მანამ, სანამ ფონდი არ ჩამოყალიბდება“, - განუცხადა The Financial Times-ს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
24 თებერვლით დათარიღებული და The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული შეთანხმების საბოლოო ვერსიის მიხედვით, შეიქმნება ფონდი, რომელშიც უკრაინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წიაღისეულის, მათ შორის ნავთობისა და გაზის, აგრეთვე ლოგისტიკური მომსახურებების „მომავალი მონეტიზაციის“ შედეგად მიღებული შემოსავლის 50%-ს შეიტანს. ფონდი ინვესტირებას განახორციელებს უკრაინულ პროექტებში. მასში არ შედის მინერალები, რომლებიც უკვე ავსებენ უკრაინის ხაზინას, ანუ ფონდი არ ეხება უკრაინული გაზისა და ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების ,,ნაფტოგაზისა’’ და ,,უკრნაფტას’’ საქმიანობის სფეროს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმება იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოიწონეს. გარდა ამისა, ზელენსკის მთავრობას მოუწევს უკრაინის პარლამენტის თანხმობის მიღება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი მკაფიოდ განაცხადეს, რომ შეთანხმების რატიფიცირებამდე მათ მაინც ექნებათ მწვავე დებატები.
გამოცემის თანახმად, უახლოეს კვირებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თეთრ სახლში, ტრამპთან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გაემგზავრება.
0
0