
მარცხენა ფეხის კუნთზე მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გასვლით შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის გასულ ტურში „ოსერთან“ მატჩისას მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.
როგორც Geo Team-ი წერს, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და აღდგენითი პროცესის დადებითი დინამიკით განვითარების შემთხვევაში, ის ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით შვიდი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც „ატალანტას“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში გაუტანა.
„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი პირველ ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
0
0