
ხორვატმა ფრიდაივერმა, ვიტომირ მარიჩიჩმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა წყალქვეშ გატარებული დროის ხანგრძლივობის მიხედვით - აკვალანგისა და სხვა სასუნთქი მოწყობილობის გამოყენების გარეშე. როგორც Daily Mail წერს, მან ერთ ამოსუნთქვაზე წყალში 29 წუთი და სამი წამი გაძლო.
მარიჩიჩმა თანამემამულე ბუდიმიერ შობატის რეკორდი მოხსნა და თითქმის ხუთი წუთით გააუმჯობესა. წყალქვეშ მარიჩიჩის მიერ გატარებული დრო ორჯერ აღემატება ბოთლცხვირა დელფინის მიერ დაფიქსირებულ ყველაზე ხანგრძლივ ჩაყვინთვას.
მარიჩიჩმა რეკორდი ქალაქ ოპატიაში, სასტუმრო „ბრისტოლის“ აუზში დაამყარა. მის ჩაყვინთვას ხუთი მსაჯი და დაახლოებით 100 მაყურებელი აკვირდებოდა. ჩაყვინთვამდე მარიჩიჩი 10 წუთის განმავლობაში სუფთა ჟანგბადს სუნთქავდა, რათა სისხლი და პლაზმა გაეჯერებინა და ორგანიზმის შესაძლებლობები გაეუმჯობესებინა.
„საქმე იმაში კი არ არის, რამდენს ჩაისუნთქავთ, არამედ იმაში, თუ რამდენი გჭირდებათ. პანიკის გარეშე, ფიქრების გარეშე, მხოლოდ სიჩუმე. ასე შეიძლება მიაღწიოთ 29-ს“, - ასე შეაფასა სპორტსმენმა თავისი მიღწევა.
0
0