
2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შავაძის მკვლელობის რამდენიმე დეტალი გაიხსენა.
მისი თქმით, სერჟანტის მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ განზრახული და აღნიშნავდნენ, თითქოს, ბუნებრივი მოთხოვნილების გამო გაუჩერეს მანქანა, თუმცა, მათ ვერ გათვალეს, რომ როინ შავაძეს, მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, ფეხი, ხელი და თითის ფალანგები ჰქონდა მოტეხილი.
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და სისრულეში მოიყვანეს. ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, სადაც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო, გაუჩერეს მანქანა კაცს, უბრალოდ ვერ დაფიქრდნენ, რომ მას მარჯვენა ბარძაყში ჰქონდა ფეხი გადატეხილი, ხელი მოტეხილი. კაცს, რომელსაც ხელის თითები ჰქონდა გადამტვრეული. ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს ჩვენ ის "ლეიკოთი" დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ. ამის ვიდეოკადრები არის და შეგიძლიათ ნახოთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო დადგმული და წინასწარ განზრახული.
[როინ შავაძე დახვრიტეს] ბათუმის კუდ-ის თანამშრომლებმა“, - აღნიშნა ციცინო შავაძემ.
„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა“;
„გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად“.
0
0