
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან 4 ფაქტი გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების შემთხვევას წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი. სხვადასხვა რეგიონში, სახელწმიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, სააგენტო გეგმავს ისეთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, რომლებიც ტყის მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორისაა მოვლითი და სანიტარიული ჭრები, რაც, თავის მხრივ, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
„როგორც სამასალე ისე საშეშე მერქნული რესურსის მოპოვება რეგულირებულია. მოქმედებს წესი - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. უწყების ყველა ღონისძიება სწორედ ამისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის. 10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის
საკანონმდებლო ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 000 ლარი. უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
0
0