15/09/2025
00:26

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანელებს აქვთ უფლება, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ.
აღნიშნული განცხადება სტარმერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათს, ლონდონში ანტიიმიგრაციულ მარშში მიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, პრემიერმა დაგმო პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევები და განაცხადა, რომ ბრიტანეთი ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზეა აგებული.
"ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქუჩებში შიშს გრძნობენ თავიანთი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო", - დაწერა სტარმერმა X-ზე.
"როიტერის" ინფორმაციით, შაბათს, ლონდონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში, სულ მცირე, 100 000 ადამიანი მონაწილეობდა. მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქუჩაში მილიონზე მეტი ადამინი გამოვიდა. აქციის დროს 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 სამართალდამცველი.
ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს ვიდეოკავშირის საშუალებით ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმაც მიმართა. მან "მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე" ისაუბრა და დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.
0
0