04/04/2023
13:20
პოლიტიკა
კეზერაშვილი უპირობოდ თუ ეხმარება ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენი ანგარიშის ნომერი მითითებულია, მინდა, საჯაროდ დაგვეხმაროს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კეზერაშვილს შეუძლია, „გირჩი“ საჯაროდ დააფინანსოს.
„მინდა, საჯაროდ დაგვეხმაროს, ჯერჯერობით არ ჩაურიცხავს თანხა. ვთავაზობ, რომ ის უპირობოდ თუ ეხმარება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენი ანგარიშის ნომერი მითითებულია. ჯეტებს მიიღებს, რაღაც გავლენების მოპოვებაც შეეძლება, ოღონდ ეს უნდა იყოს საჯარო. შეუძლია, არანაირად არ შეზღუდოს საკუთარი თავი და „გირჩი“ დააფინანსოს საჯაროდ. სხვების არ ვიცი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, დავით კეზერაშვილი ჩაითვალოს ოლიგარქად, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:
„ბიძინა ივანიშვილი როდესაც არსებობს, უბრალოდ რთულია. პრობლემად არ მიმაჩნია ოლიგარქობა, პრობლემად მიმაჩნია, ვისაც ერთპიროვნულად უნდა ქვეყნის მართვა და ზოგადად, ვისაც პასუხისმგებლობების გარეშე სურს გადაწყვეტილებების მიღება მმართველობით, რაც ნიშნავს ძალადობრივ გადაწყვეტილებებს. ოღონდ ამ ძალადობრივ გადაწყვეტილებებზე შენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღო. რაღაც რომ არ გამოვა, ადამიანებმა იცოდნენ, ვინ არის ამაში დამნაშავე. როგორც ივანიშვილი, კეზერაშვილი, ისე სააკაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთოდ არ იღებენ პასუხისმგებლობას ხალხის ქმედებებზე, ვისაც ისინი აფინანსებენ. პრობლემა ხომ ეს არის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.
0
0