24/04/2023
18:00
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებში დადებითად მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და დავით კეზერაშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას ნიშნავს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ ადამიანებს არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათზე პოლიტიკურ კონტექსტში საუბარი რადიკალურად მიუღებელია.
„ნებისმიერი პოზიტიური ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, გვარამიასთან და სხვებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუციაში შეიძლება გვხვდებოდეს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარ გადაწერას ნიშნავს.
ამ ადამიანებს არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათზე პოლიტიკურ კონტექსტში საუბარი რადიკალურად მიუღებელია. ადამიანებმა, რომლებიც ასეთ რეზოლუციებს მხარს უჭერდნენ, კონკრეტული დასტური მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი კორუმპირებულია. ის კვლავ განაგრძობს დანაშაულის ჩადენას, ამჯერად ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. ბევრისთვის ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, საქართველოს პროკურატურას, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ამ საქმის გამოძიება დაწყებული ჰქონდა. მისივე თქმით, გამოძიება წარმატებით მიმდინარეობდა და იმის თქმა, რომ ქართულ მხარეს ინფორმაცია არ ჰქონდა, სპეკულაციაა.
„ყველას მინდა შევახსენო, რომ სანამ BBC-ზე კეზერაშვილზე სიუჟეტი გავრცელდებოდა, მანამდე საქართველოს პროკურატურაში, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ამ დანაშაულის შესახებ ბრიფინგი ჩატარდა. ყველამ იცის, რომ საქართველოს პროკურატურა ამ საქმეში ჩართული იყო და მეტიც, მისი თანამონაწილეობით, გერმანელ კოლეგებთან ერთად ეს საქმე გაიხსნა. სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ქართულმა მხარემ რაიმე არ იცოდა. პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა და თავის დროზე ბრიფინგი სწორედ ამას მიეძღვნა“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024