
გარკვეული ჯგუფები ინტერნეტის დახმარებით ახალგაზრდებს რადიკალიზაციისკენ უბიძგებენ, სოციალური პლატფორმები უკონტროლოა, არავინ იცის, რას აკეთებენ, – ამის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა, კეშ პატელმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ამას ვუწოდებთ ნიჰილისტურ ძალადობრივ ექსტრემიზმს. მთავარ ქსელს, რომელიც ამას აკეთებს ჰქვია „764“. ისინი არიან ონლაინ, ინტერნეტში. არა მხოლოდ ამერიკაზეა საუბარი. ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოშია გაფანტული და მათი სამიზნეა ჩვენი ახალგაზრდები. კერძოდ, ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ჩვენი ახალგაზრდები, რადიკალიზებული გახდნენ, ისინი აიძულებენ ახალგაზრდებს, მათ საკუთარ თავს ავნონ. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებს აიძულებენ თვითმკვლელობასაც კი“, – განაცხადა პატელმა.
მისივე თქმით, ის სთხოვს ადგილობრივ ხელისუფლებას, დაეხმაროს ფედერალურ მთავრობას ამ პრობლემის გადაჭრაში, რადგანაც, პატელის განცხადებით, აშშ-ში მხოლოდ წელს ძალადობრივი ექსტრემიზმი 300%-ით არის გაზრდილი.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ თემას, მის აღიარებას და ტრენინგებს, რაც აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაჭარბებთ იმ კატასტროფულ სიტუაციებში, როდესაც მშობლებს არ შეუძლიათ შვილების კონტროლი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სოციალური მედიაპლატფორმები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან. არავინ იცის, ისინი რას აკეთებენ“, – განაცხადა კეშ პატელმა.
ამავე ინტერვიუში ფედერალური საგამოძიები ბიუროს ხელმძღვანელმა, დონალდ ტრამპის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ანტიფაშისტურ მოძრაობა „ანტიფაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ფედერალური საგამოძიებო ბიურო ამ მოძრაობის საქმიანობას იძიებს.
„ასეთი რამ ერთ ღამეში არ ხდება. ვერ შეკრიბავ ასობით ადამიანს სასამართლოსთან ერთ ღამეში, მერე ვერ წაიყვან მათ ლოს ანჯელესზე გზის გადასაკეტად და შემდეგ ნახევარი ქვეყნის იქით გამოიწვევს არეულობას ჩიკაგოში ან სადმე. ეს არის ორგანიზებული ძალისხმევა, რომელსაც ვიღაც აფინანსებს. ჩვენ როგორც საზოგადოება თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი ჯგუფების მიერ ორგანიზებული არეულობები გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოებას შთანთქავს ის კრიმინალური აქტივობა, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ. არ შეიძლება სამართალდამცველებზე თავდასხმა. პოლიციელებისთვის ქვების სროლა არ შეიძლება. არ შეიძლება, ცეცხლი წაუკიდო სახელმწიფო შენობას და ეს შეგრჩეს. როგორ შეიძლება ამის დაშვება? და ეს არ არის ინდივიდუალური პირების ქმედებები. ეს არის ორგანიზებული ანარქია და ქაოსი, რასთან საბრძოლველადაც, პრეზიდენტის განკარგულებით, უფრო მეტ რესურსს და ძალისხმევას მივმართავთ“, – განაცხადა პატელმა.
მისივე თქმით, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაიწყო გამოძიება რამდენიმე ჯგუფისა და ინდივიდუალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს ქმედებებს აფინანსებენ.
ამასთან, კეშ პატელმა უარი თქვა, გაეკეთებინა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გამოძიება „სოროსის ფონდის“ „ღია საზოგადოების“ წინააღმდეგაც არის დაწყებული.
0
0